10 February, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი


ექვთიმე თაყაიშვილი


    1963 წელს, 3 იანვარს(სხვა ვერსიით 5 იანვარი, 5 ივნისი) გურიაში, ოზურგეთის მაზრაში, სოფელ ლიხაურში კორდონის  ოფიცერ აზნაურ სიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა მესამე ძე, რომელსაც სახელად ექვთიმე დაარქვეს. დედამისი - გიტული(გიტო) ნაკაშიძე, მაზრის მოწინავე ქალთა საზოგადოებაში ტრიალებდა.

ექვთიმე თაყაიშვილის სახლი სოფ. ლიხაურში

    მოწამებრივი ცხოვრებით სვლა დაბადებიდანვე ბედად დაჰყვა ახალნაშობ ყრმას. დაბადებიდან მეხუთე დღეს მოუკვდა მამა და ამრიგად, მამის სიყვარულთან და მამობის განცდასთან სავსებით უზიარებელი დარჩა. მეხუთე წელს დედა მის ლოგინში მისსავე მკერდზე მიხუტებული მოუკვდა. დედობის ღვთაებრივი მადლისგან მისი გაცივებული სხეულის განცდის გარდა სხვა აღარაფერი შემორჩენია.
    და კიდევ - ყრმობის ჟამსვე, სამი წლისამ, მარჯვენა ფეხი მოიტეხა. ცუდად შეხორცებული ფეხი დაუმოკლდა და სამუდამოდ კოჭლი დარჩა. დედმამისშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად "გამოჩენა" ერცხვინებოდათ.
    შვიდი წლის ექვთიმე, მის ბავშვობაში "საგარეო ტანსაცმლით" პირველად მორთული, შეიყვანეს ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში. ორი წლის შემდეგ ოზურგეთიდან ფოთში სამაზრო სასწავლებელში გადაიყვანეს. 1875 წელს, მისმა მეურვე სიძემ ჩათვალა, რომ ობლისთვის "ამდენი სწავლა" საკმარისი იქნებოდა და ფოთიდან ისევ ლიხაურში ჩამოიყვანა, მაშინ ექვთიმე 12 წლისა იყო. 1876 წელს უფროსმა ძმამ, ნიკომ წაიყვანა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც ექვთიმემ სწავლა განაგრძო. მეხუთე კურსზე ყოფნისას გაემგზავრა რაჭაში, სოფელ უწერაში, იქაურ წყლებზე მტკივანი ფეხის სამკურნალოდ, თან ისტორიული ძეგლების შესასწავლად. რაჭის სიფლებში ექვთიმე ეთნოგრაფიულ ტრადიციებს იკვლევდა. სწორედ ამ მასალების საფუძველზე 1880-1881 წლების ჟურნალ "ბედში" გამოქვეყნდა მისი პირველი მეცნიერული ნაშრომი - "ქუთაისიდან უწერამდე". 
    1883 წელს ექვთიმემ ვერცხლის მედლით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და იმავე წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა: სწავლა დაასრულა 1887 წელს და კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა თბილისში. სამშობლოში დაბრუნებულს ალექსი ჭიჭინაძემ თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში შესთავაზა სამსახური ლათინური ენის მასწავლებლად. ამრიგად, 1887-1894 წლებში იგი მუშაობდა თბილისის სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც ბერძნულსა და ლათინურ ენებს, ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლიდა. 1904 წელს თავს ანებებს ოფიციალურ სამსახურს და საარსებო წყარო რომ ჰქონდეს, ისტორიას ასწავლის ჯერ თბილისის ქალთა I, შემდეგ კი VI გიმნაზიაში.
    ჯერ კიდევ სტუდენტი ექვთიმე გახდა "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრი. სწავლის დასრულების შემდეგ კი იგი შეიქმნა ყველაზე ცხოველი და დაუსვენარი მუშაკი "საზოგადოების" ფონდში შემოსული ხელნაწერების არქივებისა. იხსენებდა თვითონვე შემგომში: "საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე, შევიტყვე, რომ ამ ძვირფას ხელნაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი. დავუწყე პატრონობა, მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე, სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე".
    ექვთიმე თაყაიშვილი დაუახლოვდა სახელგანთქმულ მეცნიერსა და ისტორიკოსს დიმიტრი ბაქრაძეს და საბოლოოდ გადაწყვიტა ისტორიკოსობა - ეს კეთილშობილური, მაგრამ მძიმე საქმე.
    ეს მოხდა მაშინ, როცა საქართველოს წარსულის ძეგლები მიმოფანტული და განწირული იყო დასაღუპავად. "იმხანად - იგონებს ე. თაყაიშვილი, - უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა, შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის; ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად; რაც შეიძლება მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის...".
    1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია "პარხლის სახარება", ამას მოჰყვა შატბერდელი "მოქცევაქართლისაის" ახლებური წაკითხვა, რკვევა და დათარიღება.
    1889 წელს ილია ჭავჭავაძის წაქეზებითა და ინიციატივით წამოიწყო არქეოლოგიური გათხრები ბაგინეთში(ილიას ექვთიმე თაყაიშვილი პეტერბურგში სწავლისას პირადად გაეცნო). გათხრებს მალევე საგრძნობი შედეგები მოჰყვა, თუმცა უსახსრობის გამო  მუშაობა შეწყდა. იმავე წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა "საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი", რომელშიც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს.
    1893 წელს ცოლად შეირთო ივანე პოლტორაცკის ქალიშვილი ნინო, რომელმაც სიცოცხლის აღსასრულამდე სწორად მაღალღირსეული სათნოებითა და გმირობით იარა თავისი მეღლის უმძიმეს ეკლიან გზაზე.
    სამეცნიერო-საგამომცემლო საქმიანობას კვლავ განაგრძობდა ექვთიმე თაყაიშვილი. 1895 წელს გამოაქვეყნა "სიბრძნე ბალავარისი", გამოსცა XVIII საუკუნის ხელნაწერი "კათალიკოს-ბაქარიანი მღვდლის იესე ტლაშაძის, მოთხრობა ლექსად". აწყობდა ლიტერატურულ საღამოებს, სადაც გამოჰყავდა მოწაფეები, ლექსებისა და პროზის კითხვით, პაექრობით, ვიოლინო-ვიოლონჩელოზე დაკვრით, სიმღერით, ცეკვით....
    1899 წელს გამოვიდა პირველი ტომი ექვთიმე თაყაიშვილის დიდმნიშვნელოვანი სამეცნიერო სარიისა "საქართველოს სიძველენი", სადაც თავმოყრილია 431 სხვადასხვა დასახელებისა და შინაარსის საბუთი, აქტი, ნუსხა, სიგელი, გუჯარი....
    1907 წელს ექვთიმეს თაოსნობით დაარსდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელმაც ქართველოლოგიის დარგში შემდგომი კვლევებისთვის ნიადაგის შემზადება დაიწყო, ამ საზოგადოების მიერ მოწყობილი ექსპედიციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მოგზაურობა "სამუსლიმანო საქართველოში". აქ, სამშობლოდან ჩასული მეცნიერი თანამემამულეებს უღვიძებდა და უმტკიცებდა ეროვნულ გრძნობებს. ზოგ სოფელში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებს მშობლიური ენა დავიწყებოდათ, მაგრამ შეგნება, რომ ისინი ქართველები იყვნენ, თითქმის ყველას ჰქონდა. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ შეგროვება-შესყიდვით რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან მასალას მუყარა თავი. მათ შორის იყო: სხვადასხვა "საარქეოლოგიო და საეთნოგრაფიო ნივთები", "ნაქსოვ-ნაკერები", და ხელნაწერები.... ცალკე კოლექციას შეადგენდა ეკლესია-მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკების ზუსტი ასლები - 73 ძველი ფრესკის პირი. 
    1908 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ექვთიმეს სამოღვაწეო ბიოგრაფიაში. თვითონვე ეძახდა ამ წელს "ხვავრულს". მაშინ მოძებნა დიდი არქეოლოგიური მასალები ახალქალაქისა და საძეგურის მიდამოებიდან, მაშინ გამოვიდა მეცნიერის "აღწერილობის" მეორე და მესამე ტომები. მისგანვე მოიძებნა "ვეფხისტყაოსნის" მანამდე უცნობი ხელნაწერები. მაშინ მოიძია(სანაგვიდან ამოიღო) გიორგი V ბრწყინვალის დროის უმნიშვნელოვანესი ძეგლი - "ხელმწიფის კარის გარიგება", იმ პერიოდში გამოიცა მისი რედაქტორობით საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებული - "ძველი საქართველო", იმავე წელს გამოვიდა ექვთიმეს "საქართველოს სიძველენის" მეორე ტომი, რომელსაც მალე მესამე ტომიც მოჰყვა.
    ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებში იდგა. ამასთან ერთად ივანე ჯავახიშვილთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის 1918 წელს ეროვნული უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. უნივერსიტეტში ყველა საორგანიზაციო საკითხი, წესდების შედგენიდან დაწყებული უმნიშვნელო წვრილმანამდე, ექვთიმეს გარეშე არ წყდებოდა. იგი უნივერსიტეტის პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს უნივერსიტეტის საბჭომ დოქტორის ხარისხი მიანიჭა.
ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ეკლესია

    1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ხელისფლების მოსვლის შემდეგ მენშევიკური მთავრობა საქართველოდან ემიგრაციაში - საფრანგეთში წავიდა. მთავრობამ გადაწვიტა არავისთვის დაენებებინა საქართველოს სამუზეუმო ნივთები, ძვირფასეულობა, ქართველი ხალხის ეს დიდი შემოქმედების ნაყოფი. განძეულობის მეთვალყურედ ექვთიმე თაყაიშვილი დანიშნეს. "ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან" - წერდა მოგვიანებით. განძეულობა გატანილ იქნა საფრანგეთში. სულ 39 ყუთი, თვითონ ექვთიმეს მზრუნველი ხელით ჩალაგებული და შეკრული, შესანახად ჩააბარეს მარსელის ბანკს(მარსელში ქართული განძი აკაკი ჩხენკელის სახელზე იყო გაფორმებული).
    ლტოლვილმა ქართველებმა პარიზში სოფელ ლევილში მამული შეიძინეს და იქ დასახლდნენ. იქვე დაიკავეს ორი მცირე ოთახი ექვთიმემ და მისმა მეუღლემ ნინომ.
    1921 წლიდან 1945 წლამდე ექვთიმე თაყაიშვილი საფრანგეთში იმყოფებოდა და ღირსეულად ასრულებდა განძის მეთვალყურის მოვალეობას. სასწაულებრივი იყო განძის გადარჩენა, ფაშისტური გერმანიის ომის დროს. გერმანელებს უკვე შეეტყოთ ქართული განძის არსებობა, მაგრამ მათ ექვთიმე თაყაიშვილმა და პიერ ჟოდონმა დაასწრეს(პიერ ჟოდონი საფრანგეთის მთავრობამ ბანკში მოთავსებული უპატრონო რუსული განძის გამგებლად დანიშნა). ექვთიმეს ჩაგონებით ჟოდონმა ქართული განძი ბანკიდან იდუმალ გააპარა და ვერსალის სასახლის ერთ ბნელ სარდაფში ჩააწყო და ზემოდან ნაფოტი, ნაგავი და ნაშალი ბათქაშით დაფარა. 
    გერმანელები განაგრძობდნენ განძის ძებნას, თუმცა ამაოდ, არცერთ ქართველს არ გაუცია საიდუმლო. გასაოცარი იყო ექვთიმეს - სიღატაკეში მცხოვრები მოხუცი ხეიბრის გაუტეხელობა. ფეხის ტკივილები მუდმივად აწუხებდა. მიწას მაინც აწვალებდა, თხაც გაიჩინა ერთადერთ მარჩენლად, რომლის რძეც მისთვის და მისი კეთილშობილი მეუღლისთვის არაერთხელ ყოფილა ერთადერთი საკვები მთელი დღის განმავლობაში.
    ემიგრაციის პერიოდში ქართველი მეცნიერი გამუდმებით ცდილობდა განძეულის საქართველოში დაბრუნებას, წერდა წერილებს საბჭოთა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს, მაგრამ ამაოდ.
    ექვთიმე თაყაიშვილი თავის მოგონებებში წერს: "გერმანელების მიერ საფრანგეთის აღიარების შემდეგ მუდმივ შიშსა და ტერორში ვიყავი, აღარც საარსებო საშუალება მქონდა. ასეთი გაჭირვების მიუხედავად არამცთუ სახელმწიფო ნივთი, არამედ ჩემი საკუთარი ისტორიული ნივთიც არ გამიყიდია... თუმცა მქონდა ისეთი ნუმიზმატიკური ერთეულები, რომ შემეძლო გავმდიდრებულიყავი... დაწყევლილი მყავდა ყოველი ქართველი, რომელიც ისტორიულ ნივთს სამშობლოს დაუკარგავდა, გამოცხადებული მქონდა, რომ ასეთი ნივთები ჯერ ჩემთან უნდა მოეტანათ და თუ ვერ შევიძენდი, მფლობელს მაშინ შეეძლო მისი უცხოელზე გაყიდვა".
    1931 წელს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ექვთიმეს გარდაეცვალა მეუღლე. 
    1944 წლის მეორე ნახევარში საფრანგეთის დროებითი მთავრობის სათავეში დეგოლის მოსვლისთანავე აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის მთავრობებს შორის. საბჭოთა კავშირის ელჩს პარიზში დავალებული ჰქონდა მოეგვარებინა სამუზეუმო განძეულის საქართველოში დაბრუნების საკითხი. 1944 წლის მიწურულს დეგოლმა მოსკოვში ვიზიტამდე სხვადასხვა ხერხით გაარკვია, თუ რა ჩაეთვლებოდა სტალინთან მოლაპარაკებისას დადებითად და მოსკოვში გამგზავრებამდე(23 ნოემბერს) გასცა ბრძანება, მოეხსნათ ყადაღა ქართული განძისათვის, და დაებრუნებინათ იგი საქართველოსთვის. 
    საქართველოში გამოფრენის წინ, პარიზში ყველას ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ექვთიმე თაყაიშვილი სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებდა... იფიქრეს, იქნებ ნინოს საფლავის მიტოვება ეძნელება, ანდა ღრმად მოხუცებულს პირველად მოუხდებოდა თვითმფრინავით მგზავრობა! 
    ბოლოს ექვთიმე გაუბედავად გამოტყდა: "წარსდგა მშიერი და ვერა ტიტველიო" და მაშინვე მიხვდნენ, რომ ძველისძველ სამოსელშემოფლეთილ მეცნიერს ეთაკილებოდა საქართველოში ასე გლახაკივით ჩამოსვლა. გერმანელებისგან გაძარცვულ პარიზში შესაფერი სამოსი ვერ უშოვეს და მხოლოდ გზად - ქაიროში - შეუკერეს ტანსაცმელი.
    1945 წლის 5 აპრილს განძი ამერიკულ თვითმფრინავზე დაიტვირთა და ბედნიერ მცველთან ერთად საქართველოში გამოიგზავნა. თვითმფრინავი რომის, ბენღაზის, ქაიროს და თეირანის გავლით 11 აპრილს თბილისში ჩამოფრინდა. 
    ტრაპზე მძიმედ დაშვებულ მოხუცს მთრთოლვარე ხმით აღმოხდა: "ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე". ფეხი ჩამოდგა, ზევით აიხედა, ზეცას შეხედა, მარჯვენა ხელით აიღო მიწა და ეამბორა.
    დასრულებულიყო წამება ქართული საგანძურისა და ექვთიმე თაყაიშვილისა.
    ახლა უკვდავება იწყებოდა....
    1945 წლის 10 მაისს ექვთიმე უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად მიიწვიეს. 1946 წელს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს და იგი კვლავ აქტიურად ჩაება საუნივერსიტეტო და სააკადემიო საქმიანობაში.
    1951 წელს დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდია პოლტორაცკაია, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ბინაში. ამის შემდეგ მომვლელმა ქალმაც შეწყვიტა მასთან სიარული.
    1952 წლის დასაწყისში კი უნივერსიტეტიდან გაუგზავნეს უწყება, რომ თავისუფლდებოდა საქართველოს ისტორიის პროფესორის თანამდებობიდან "საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო".
    ღრმად მოხუცებული ექვთიმე სულიერ განსაცდელში იყო(ბევრი მეცნიერი მასთან მისვლას ვერ ბედავდა). ხელისუფლებას ყოფილი ემიგრანტის მიმართ, როგორც ჩანს გარკვეული ეჭვები ჰქონდა. მოხუცი ერთგვარ იზოლაციაში მოექცა, მაგრამ მაინც გაუტეხელად აგრძელებდა თავის საქმიანობას.
    1953 წლის 21 თებერვალს, სამშობლოს სიყვარულში დამაშვრალმა მოხუცმა სული უფალს მიაბარა.
    მხცოვანი მეცნიერის პანაშვიდზე მის სახლთან ჩეკისტები იდგნენ და ხალხს უშლიდნენ პანაშვიდზე შესვლას. ვაკის სასაფლაოზე მის დაკრძალვას მხოლოდ 50-მდე ადამიანი დაესწრო.
    გავიდა დრო და უდიდესმა საზოგადო მოღვაწემ თავისი ადგილი დაიკავა პატრიოტ ქართველთა შორის.
    10 წლის შემდეგ, 1963 წლის 10 თებერვალს, ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ვაკიდან დიდუბის პანთეონში გადმოასვენეს. მის შესახებ დაიბეჭდა მონოგრაფიები, გადაიღეს ფილმები. ამჟამად ექვთიმე თაყაიშვილი უკვდავ ქართველ მოღვაწეთა სავანეში - მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.
ექვთიმე თაყაიშვილის საფლავი  მთაწმინდის პანთეონში

    1987 წლის 22 თებერვალს კი, ლევილიდან თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს ნინო პოლტარაცკაია.
    2002 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ექვთიმე თაყაიშვილი და წმ. ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. მის ხსენების დღედ კი 3(16) იანვარი დააწესა.
წმ. ექვთიმე ღვთისკაცი




გამოყენებული ლიტერატურა:
  1.  საქართველოსთვის! საქართველოსთვის! საქართველოსთვის!  (საკითხავნი ყმაწვილთათვის), მე-6 ტომი, გომომცემლობა "ციცინათელა" - 2002 წ. 
  2.  ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი".
  3.  სამოქალაქო განათლება - მეათე კლასის სახელმძღვანელო. ავტორები: თ. მეიფარიანი, ზ. მიმინოშვილი, ლ. მიქიაშვილი. გამომცემლობა "საქართველოს მაცნე" - 2006 წ.
  4.  ქართული ენა და ლიტერეტურა - მეცხრე კლასის სახელმძღვანელო. ავტორები: ვ. როდონაია, ნ. ნაკუდაშვილი, ა. არაბული, მ. ხუციშვილი. გამომცემლობა "სწავლანი" - 2012 წ.
  5. ლევან სანიკიძე: წიგნი მოწამეთა. გამომცემლობა "ხელოვნება" - 1991 წ.
  6. ქართული საბჭითა ენციკლოპედია. მე-4 ტომი - გვ. 593.
  7. ქართული კულტურის მემატიანე ექვთიმე თაყაიშვილი. ავტორი: გიორგი ლომთათიძე. გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" - თბილისი- 1990 წ.
  8. ექვთიმე თაყაიშვილი - ემიგრანტული ნაშრომები. 1 ტომი. გამომცემლობა "მეცნიერება". თბილისი - 1991 წ.
  9. ელენე კელენჯერიძე: აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის არქივი: აღწერილობა. "მეცნიერება", თბილისი 1972 წ.
  10. ე. თაყაიშვილის ღვაწლი საქართველოს ეკლესიის წინაშე, გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", 2003 წ.
  11. გივი ჟრდანია, "დაბრუნებული საუნჯე", გამომცემლობა "მეცნიერება" - 1983 წ.
  12. ინტერნეტ რესურსები:  ქართულენოვანი საიტი ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ.